სახლი, ანუ ჩვენ - კვადრატულობით.

ბოლო დროს სახლში ყოფნა მომიხშირდა. არა, მოგზაურობა, გამოფენებზე და სპექტაკლებზე სიარული ან მეგობრების ნახვა კი არ მომბეზრდა, უბრალოდ სახლიდან ვმუშაობ, ყოველდღე სავალდებულო გასვლა არ მიწევს, მეგობრების ნახვაც ხალხმრავალი და ხმაურიანი სივრცეების მაგივრად ჩემთან სახლში ან მეგობართან მირჩევნია და რაც მთავარია, ოღონდ სახლიდან გავიდე და თან ყ ო ვ ე ლ ღონისძიებას დავესწრო თბილისში ან მის გარეთ, ეგ იდეაფიქსიც აღარ მაქვს. ვინ წარმოიდგენდა, რომ სოციალური პეპლობიდან თხუნელად გადავიქცეოდი. მგონი ნამდვილ ზრდასრულად ჩამოვყალიბდი. 

ჩემს სახლზე ტოცა ვფიქრობ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს Howl’s moving castle -ზე ვსაუბრობ, თუ ნანახი არ გაქვთ მიაძაკის ეს ანიმე – რას ელოდებით? ჰაულის სასახლისგან განსხვავებით ჩემს სახლს მოძრაობა არ შეუძლია, სამაგიეროდ

სახლში ხშირად დარიჩინის და კარდამონის სუნია, სულ ისმის მუსიკა, უამრავი მცენარეა ცოცხალი და გამხმარი, ზოგი ვალენსიასა და ზოგიც სვანეთიდანაა ჩამოტანილი,  ბევრი ნახატი, სუვენირი, წიგნი. ბიბლიოთეკაში მოგზაურობის კედელია, რომელზეც უამრავი სამახსოვრო ნივთია დამაგრებული, მაგალითად, ბარსელონაში ნაქირავები მანქანის მაგივრად ნაპოვნი საჯარიმო დიდი ლურჯი სტიკერი, რომელიც იუწყებოდა, რომ არასწორი პარკირების გამო ჩემი მანქანა ბადახოსის 46 ნომერშია გადაყვანილი. უამრავი ფოტოალბომები გვაქვს, რომლებშიც რარიტეტული დაგეროტიპებიც შეგხვდებათ და ტილების გამო გადახოტრილი ბლოგის ავტორის ბავშვობის ფოტოები. კიდევ ჩემი ძაღლის ბეწვები ყრია ყველგენ, რომელსაც არც დაგვა შველის და არც მტვერსასრუტი, ასევე წვიმის დროს ყველგან ზიგის საყვარელი ტალახიანი ნაფეხურებია ხოლმე. ალბათ გასაგებიცაა, რატომ არ მბეზრდება სახლში ყოფნა. დიდი, ლამაზი და მყუდრო სივრცე, სეზონური ბაღით, დიდი სამზარეულოთი, საგარეო ხის ავეჯით გაწყობილი ტერასა, ჩემი სახელოსნოც აქვე მაქვს, სარდაფში, თან ბუხრიანი.     

ეს ნაკვეთი, რომელზეც სახლი ავაშენეთ ბავშვობიდან ვიცოდი. ამავე ქუჩაზე გავიზარდე. ამ სახლში მოხუცი მეყვავილე დაშა ცხოვრობდა. ეს იყო 80+ წლის ქალი, მარტოსული, ხანდახან ალკოჰოლზე დამოკიდებული ქალიშვილი აკითხავდა. მეყვავილეს სულ უკმაყოფილო სახე, უზომოდ მოხრილი წელი, ყვავილებით დატვირთული ურიკა და ბრაზიანი ხმა ჰქონდა. ქუჩის მხარეს ღობესთან უზარმაზარი ჭერმის და თუთის ხე ხარობდა, თვითონ ვერ კრეფდა, სეზონურად ქუჩა სხვადასხვა ფრად იღებებოდა დაჭყლეტილი ხილის გამო. ბავშვები ავცოცდებოდით და ვჭამდით, დალოცვის და ღიმილის მაგივრად დაშასგან ლანძღვას და საყვედურებს ვიღებდით ხოლმე რუსულ ენაზე. მოკლედ ზღაპარს, რომ ვწერდე დაშა რუსული ზღაპრის ნამდვილი ანტაგონისტი იქნებოდა, „ბაბაიაგა“-ს ტიპის. თუმცა ხომ გახსოვთ, რომ დაშა მეყვავილე იყო, მეყვავილე პატარა ძველისძველი ხის სახლით, რომელიც ჩაფლული იყო ქალაქისთვის იშვიათ სიმწვანეში. მისი ნაკვეთს მწვანე დაბალი ღობე ერტყა, რომელიც მხვიარა წითელი ვარდების ბუჩქებით და ჟასმინის ხის წყალობით მაღალი და აბსოლუტურად შეუვალი იყო. დაჟანგულ რკინის კარს თუ შეღებულს მოვუსწრებდი მწვანის ტონებით მდიდარი, დაბურული, მისტიკური, უსასრულო ხეივანი გამოჩნდებოდა ხოლმე. ყოველთის მაინტერესებდა რა ხდებოდა ეზოს სიღრმეში, როგორი იყო ყვავილებით სავსე ბაღი, საშიში სახლი და დაშას მომზადებული გვირილის ჩაი, ესე წარმომედგინა, რომ გვირილის ჩაის სვამდა. გავიდა რაღაც დრო, მოხუცი მეყვავილე ისე გარდაიცვალა, რომ მეზობლებს გული არ დასწყვეტიათ, არავისთან ურთიერთობდა, ბავშვებს ეჩხუბებოდა, წუწურაქი ქალის სახელი ჰქონდა. მისმა გოგომ ამ მოჯადოებული სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, ხოდა ჩემმა მშობლებმა კორპუსიდან მიჩვეულ ქუჩაზევე კერძო სახლში გადასვლა გადაწყვიტეს.

აღმოჩნდა, რომ გვირილა მხოლოდ დეკორატიული ჰქონდა დაშას, სამაგიეროდ პიტნით ყიფილა მოფენილი მთელი ბაღი, ამიტომ ჩაისაც ალბათ პიტნიანს სვამდა. რამხელა კარალიოკის ხეები და კაკალი ჰქონია ეზოში. თუთა და ჭერამი, რომელიც ახლა ჩემი იყო და უკვე ლეგალურად შემეძლო აძრომა, გამხმარი დაგვხვდა. უკანა ეზო აბსოლუტურად გაუვალი მაღალი ბალახით იყო სავსე. ნელ-ნელა მამაჩემმა გამოკაფ-გამოათავისუფლა მცენარეები და აღმოჩნდა, რომ გვირილების გარდა უამრავი სხვადასხვა ჯიშის ზამბახი, იასამანი და ლილიები ჰქონია. აყვავებული დაფნა და მუშმალა თაავბრუდამხვევ არომატებში გვაცხოვრებს ხოლმე. პატარა წალკოტი დაგვხვდა, მამაჩემმაც ადგა და გააათმაგა ხე-ხილის და ყვავილების რაოდენობა. რად ღირს ამ ტყე-ბაღის ყურება გაზაფხულის დასაწყისიდან  შემოდგომის ბოლომდე ჩვენი დიდი ვერანდიდან. თან პატარა ცხოველიც (ზიგი – ჩემი აღმოსავლეთ-ევროპული ნაგაზი), რომ დაიარება ხოლმე და საზვრებს იცავს კატებისგან და ჩიტებისგან, იქვე ღობის იქეთ შეყვარებულიც ჰყავს მორიდებული აკიტა. ტოქსიკური სიყვარული აქვთ, ეს აქედან სიყვარულს უხსნის, ის თავს იფასებს. ხო, დაშას სახლი ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო სრულად დანგრევა მოგვიწია, მის ადგილად ევროპული სტილის სახლი წამოვჭიმეთ, ბაღი გავაუმჯობესეთ კიდეც, მაგრამ ის მისტიური მწვანე გვირაბი, ხის ღობე, მეტალის საცოდავი კარი გაქრა. სამაგიეროდ ახალი ჭიშკარია, ჩვენი ოჯახისთვის ახლო შინააარსის მქონე უამრავი სტიკერით და მამაჩემის ვაზებით, რომლისგანაც უკვე ღვინოსაც კი აყენებს. 

Untitled-2

სახლის ექსტერიერი, ინტერიერი, ეზო, ყოველი დეტალი თვითგამოხატვის კიდევ-ერთი სასიამოვნო საშუალებაა და დაშას არ ვიცი რამდენად ჰქონდა ამაზე ნაფიქრი, მაგრამ მის ხასიათს იდეალურად გამოხატავდა, იმედია ახალი სახლი სტუმართმოყვარე ხასიათს და ლაღ ენერგიას, რომლებითაც ჩემი ოჯახი ხასიათდება – უმკლავდება. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე სახელოსნოს გარემონტება-გადაკეთება და ვამბობ, რომ 80 კვადრატული მეტრი ჩემი თავი უნდა შევქმნა მეთქი. პიროვნების ინტერიერი, რომელიც სივრცის ინტერიერად კონვერტირდება ძალიან შემოქმედებითი, უნიკალური და საინტერესოა, ჩემი აზრით. ამიტომაც მიყვარს სტუმრობა ადამიანებთან სახლებში, ჩემს ცნობისმოყვარეობას ძალიან სიამოვნებს.                     

ვფიქრობ. სახლი მარტო ადგილმდებარაობა ხომ არ არის? „შინ ყოფნის“ განცდა თითქოს მობილური უნდა იყოს, შენში უნდა იყოს სახლი. მაგრამ სასიამოვნო მოგონებები, საყვარელი ადამიანები და ნაცნობი სუნები ამ ადგილას იმდენად შექუჩებულია, რომ ალბათ „სახლიც“ ეს კომბინაციაა. ძალიან გამიმართლა ჩემ დამოუკიდებლად, რომ ასეთი მყუდრო ს ა ხ ლ ი მერგო, იმედია გარშემო ადამიანებთანაც მიგვაქვს ეგ თბილი შეგრძნება და თავს შინ ვაგრნობინებთ.