ვიეტნამი - ზაფხულში გატარებული ზამთარი

ყველა ქვეყანა მოგზაურობის განსხვავებულ მიზეზს გვაძლევს: ზოგი თავისი სილამაზით, კულტურითა თუ ბუნებით გვიზიდავს, სხვები კულინარიით, სტუმართმოყვარეობითა და ცხოვრების სტილით იქცევენ ჩვენს ყურადღებას. რაც არ უნდა იყოს, ყველა ახალი გზა ახალ შთაბეჭდილებებს გვძენს და ალბათ ცოტათი უკეთესსაც გვხდის.

მახსოვს, ვიეტნამში ჩემი პირველი ვიზიტისას, ერთი ამერიკელი კაცი გავიცანი, რომელიც ყოველ წელიწადს სტუმრობდა თავის საყვარელ ადგილს და უკვე მეშვიდეჯერ კვეთდა ვიეტნამის საზღვარს. მაშინ ვიფიქრე: ეს კაცი ცოტა ვერ უნდა იყოს დალაგებული – თუ ამდენის საშუალება აქვს რაღა ერთიდაიგივე ქვეყანაში მოგზაურობს-მეთქი. და აი, მაგ ვიზიტიდან ათი წელი გავიდა და მეც მეოთხეჯერ ვადგავარ იგივე გზას.

საიგონის აეროპორტიდან ქალაქისკენ ტაქსში უკვე აქაურივით ვჯდები. თბილისის სუსხიანი დღეების შემდეგ, +32 გრადუსი და ტენიანი ჰავა, ორგანიზმისთვის უჩვეულოა. იმ აღტაცებას, რომელიც ყოველთვის მეუფლება ხოლმე, თავიდან ვერ ვგრძნობ. ის მხოლოდ საღამოსკენ, ქუჩაში გასეირნებისას მიბრუნდება. კულინარიული საოცრებებით, ვაჭრებითა და ტურისტებით გამოტენილ, ხმაურიან ქუჩებსა და ნაცნობი სუნებით გაჟღენთილ ცხელ ჰაერს სათავგადასავლო განწყობა ისევ მოაქვთ.

საიგონი, იგივე ჰო ჩი მინის ქალაქი, ვიეტნამის სამხრეთით მდებარეობს და ზომით ყველაზე დიდი, 9.3 მინილიონი ადამიანით დასახლებული, ინდუსტრიული ქალაქია. დედაქალის, ჰანოისგან განსხვევით, მეტად დასავლური და საცხოვრებლადაც უფრო კომფორტულია.

მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოსული მოგზაურითა თუ ბიზნესმენსით გადაჭედილი ქალაქი ყველა სახის ადამიანს იტევს, თუმცა როგორც დანარჩენი ვიეტნამი, საიგონიც საკმაოდ უსაფრთხო ადგილია. საკმარისია ოდნავ შეანელო სვლა, ან ყავის სასმელად შეჩერდე სადმე, რომ მის ხმაურიან და ქაოტურ ქუჩებში ნელ-ნელა მოულოდნელ, ზოგჯერ ჯადოსნურ ელემენტებსაც კი გამოარჩევ: უცნაურ ხეებსა და მცენარეებს, ვიწრო, ერთმანეთში ახლართულ შენობებს, ქუჩებში გამოფენილ ნაირნაირ ხალხსა და უამრავ სკუტერს, რომლებზეც შეიძლება 3 თაობის ადამიანი ერთად იჯდეს, თავიანთი შინაური ცხოველითა და ბარგით.

შიგნით თუ გარეთ განთავსებულ ბუდისტურ სამლოცველოებთან გამვლელ-გამომველნი ჩერდებიან, ქანდაკებებს ხილსა და ტკბილეულს სწირავენ, ხელის გულებს ერთმანეთთან ატყუპებენ და სამჯერ თავისა და ხელების დაკვრით ღმერთებს სურვილების ახდენას ევედრებიან. ვიღაცას სახლის ღია კარში სძინავს, ვიღაცები სუპით საუზმობენ და ცივ ჩაისა თუ ყავას აყოლებენ, ზოგნი კი სამაგიდო თამაშს თამაშობენ და თავიანთ მამლებს იმედიანად გაჰყურებენ…

IMG_3119
Saigon2016 3 (36)

არ შემიძლია არ ვახსენო ვიეტნამური კულინარია, რომელიც მსოფლიო სამზარეულოთა შორის მოწინავე ადგილს იკავებს. საფრანგეთის კოლონიზაციის პერიოდში, აზიის ეგზოტიკური გემოები, ევროპულ სამზარეულოს შეერწყა და საინტერესო ჰიბრიდად ჩამოყალიბდა. ვიეტნამის ყველა მხარეს საკუთარი კულინარიული ტრადიცია აქვს და ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. ჩრდილოეთ და ცენტრალური ვიეტნამის სამზარეულო მეტად ტრადიციულია, ხოლო სამხრეთით უფრო ინტერპრეტირებულ (Fusion) ვერსიებს დააგემოვნებთ. ყველა გემოვნების ადამიანისთვის (ზღვის პროდუქტებისა თუ ხორცის მოყვარულთათვის, ვეგეტარიანელებისა თუ ვეგანებისთვის) გამოინახება კერძი. ასევე აღსანიშნავია, რომ ვიეტნამი მსოფლიოში ყავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. უამრავი სახის ყავა აქვთ: როგორც კვერცხით,  შედედებული თუ ქოქოსის რძით მომზადებული, ასევე შავი თუ იმ პატარა ცხოველის გადაუმუშავებელი ვერსია, რომელიც ბევრი რეცხვისა და ხალვის შემდეგ, დელიკატესად და ერთ-ერთ უძვირეს ყავად ითვლება.

კაფე-რესტორნები თითქმის სულ გარეთაა გამოწყობილი, თავიანთი მინიატურული, პლასტმასის მაგიდებითა და სკამებით. ყოველ წუთას ჩაგივლის ხილის, სიგარეტის, სათვალისა თუ მარაოების გამყიდველი და შეეცდება ხელცარიელი არ დაგტოვოს. სეირნობისას ხშირად გაიგებ ეგზოტიკური ჩიტების ჭიკჭიკს, რომლებიც მეპატრონეებს სახლისთვის იღბლის მოსატანად, აივნებზე ჩამოუკონწიალებიათ.

საიგონი სულ 24 უბნისგან შედგება. პირველი და მესამე უბნები უფრო ცენტრალური და ტურისტულია. იქ ბევრ კათოლიკურ ტაძარს, ფრანგულ, იაპონურ და ამერიკულ შენობა-ნაგებობებს ნახავთ. მეორე, მეოთხე და მეშვიდე უბნები აქ დასახლებულ უცხოელებში მეტი სიმშვიდით, სახლის ქირის სიიაფითა და ბუნებით არის პოპულარული. დანარჩენი ადგილები, გარეუბნებად ითვლება. Რადგანაც ამ ქალაქში მცხოვრებნი, მთელ საქართველოს მოსახლეობას დაახლოებით 3-ჯერ აღემატებიან, თითო უბანი თითქმის თბილისის ხელაა. ქუჩიდან ქუჩამდე იცვლება გარემო: თუ ერთ ქუჩაზე ცნობილი, ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიები და ტურისტებისთვის ცნობილი ადგილებია, საკმარისია სადმე შეუხვიო, რომ “დეზერტირების ბაზრობაზე” ამოჰყოფ თავს. ის რადიკალური ცვლილებები, შთამბეჭდავი და ხშირად შთამაგონებელიცაა.

ჩემი ვიეტნამში ყოველი ვიზიტი სხვადასხვაგვარ გამოცდილებას მძენს და ახალ მიმართულებისკენ მიბიძგებს: პირველი ჩამოსვლისას ილუსტრაციების ხატვა დავიწყე, რამაც კარიერული გზა შემიცვალა. მეორედ ჩამოსვლამ მიმახვედრა, რის კეთებაში გამეტარებინა მორიგი წლები. მესამედ სტუმრობისას, მივხვდი რომ, რაც მინდოდა იმისთვის ცოდნა მაკლდა და მაგისტრატურის სასწავლად სხვა ქვეყნის გზაზე დამაყენა. ამჯერად კი ჯერ არ ვიცი, რას მიმზადებს ვიეტნამი.