“ირაოს” ეკო შეჯიბრი თანამშრომლებისთვის
“გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად მთავარი ჩვენი ქცევის ცვლილებაა”. “ირაოს” ეკო შეჯიბრი თანამშრომლებისთვის
გარემოს დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, ნარჩენების დახარისხება, მაკულატურის შეგროვება სკოლებიდან, ღია გაკვეთილები ბავშვებს, მეორადი მასალებისგან დამზადებული ნივთები, სარეკლამო კლიპები, კამპანია “იარე ფეხით” და ა.შ. – სადაზღვევო კომპანია “ირაოს” თანამშრომლები, ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთს ყველაზე ეკო მეგობრული გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ.
ეკო შეჯიბრი სახელწოდებით “მწვანე გამოწვევა” კომპანიამ თანამშრომლებში გარემოსდაცვითი და ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ასამაღლებლად დაგეგმა.
სახალისო და სასარგებლო მარათონში სადაზღვევო კომპანიის მთელი შემადგენლობა ჩაერთო – დეპარტამენტების ხელმძღვანელებიდან უმცროს რგოლამდე.
300-მდე ადამიანი დაახლოებით 16 გუნდად გაერთიანდა. გუნდები დეპარტამენტების ან საქმიანობის მიხედვით დაკომპლექტდა.
ეკო შეჯიბრი ისეთი მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ერთი თვის შემდეგ ჟიურიმ დიდხანს იმსჯელა საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად.
ერთი თვის განმავლობაში გუნდებს მწვანე აქტივობები და პროექტები უნდა დაეგეგმათ. ყველა გუნდმა აირჩია კაპიტანი, რომელსაც შეჯიბრის ბოლოს ანგარიში და პრეზენტაცია უნდა მოემზადებინა.
გუნდები სამი კრიტერიუმით შეფასდნენ:
- შემოქმედებითი მიდგომა
- გუნდურობა
- გარემოზე ზეგავლენა
გამარჯვებული გუნდების აქტივობების ჩამონათვალი შთამბეჭდავია:
- გუნდის წევრებმა წამოიწყეს კამპანია ოფისში რესურსების დასაზოგად. მათ შორის: დაიწყეს წყლის, ელექტროენერგიის, ფურცლის დაზოგვა. უარი თქვეს პლასტმასის ნივთებზე;
- წამოიწყეს კამპანია – გამოწვევა “იარე ფეხით”. გუნდის წევრები დადიოდნენ ფეხით, იღებდნენ ვიდეოებს, აზიარებდნენ სოციალურ ქსელში და ყველა მათგანი იწვევდა (თაგავდა) ორ სხვა ადამიანს მისი სამეგობრო წრიდან, რომელსაც ასევე ფეხით უნდა ევლო და თავის მხრივ, მას კიდევ სხვა ორი ადამიანი გამოეწვია;
- დაასუფთავეს ტერიტორიები თბილისის შემოგარენში. მათ შორის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, ავლაბრის შემოგარენი;
- გაამწვანეს გარემო ქუთაისში, თელავში, თბილისში (დედათა და ბავშვთა სახლში);
- ჩაატარეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები. მათ შორის: 192-ე საჯარო სკოლაში, Free School-ში, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში;
- დაასუფთავეს და თან გაამწვანეს რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის ეზო;
- შეაგროვეს და ჩააბარეს ნარჩენები სხვადასხვა უწყებებიდან. მათ შორის: პლასტმასას ნივთები, მაკულატურა, ელექტრონივთები;
- ნარჩენებისგან შექმნეს მეორეული ნივთები, ნაძვისხეები, სათამაშოები, სამკაულები, ჩანთები;
ეს ნივთები ახლა “ირაოს” დერეფნებშია გამოფენილი. ისინი ახსენებენ კომპანიის თანამშრომლებს, რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების შემცირებაზე და ზოგადად, გარემოს დაცვაზე ზრუნვა.
კონკურსი ტრადიციული გახდება და შემდეგ წელს კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.