ირაოს ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტები
სადაზღვევო ინდუსტრია სწრაფად იცვლება. თუ წლების განმავლობაში მომხმარებლის მთავარი მოთხოვნა ჯანმრთელობის, ავტომობილის ან ქონების დაზღვევა იყო, დღეს ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება ისეთი თემები, როგორიცაა ფინანსური სტაბილურობა, მენტალური ჯანმრთელობა და შინაურ ცხოველებზე ზრუნვა. ამ ცვლილებებს პასუხობს სადაზღვევო კომპანია “ირაო“, რომელიც ამჟამად რებრენდინგის პროცესს გადის და მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს.
“ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი კომპანია ქართულ ბაზარს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს სთავაზობს, როგორიცაა უმუშევრობის დაზღვევა, შინაური ცხოველების დაზღვევა და მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა – ეს სამივე მიმართულება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სადაზღვევო სექტორის დღის წესრიგში პრაქტიკულად არ იდგა. ამით “ირაო“ ცდილობს დაზღვევა ტრადიციული რისკების მართვის ინსტრუმენტიდან მომხმარებლის ყოველდღიური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ნაწილად აქციოს.
უმუშევრობის დაზღვევა
“ირაოს“ ერთ-ერთი ახალი და ინოვაციური პროდუქტი უმუშევრობის დაზღვევაა, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე ჯერ არ არსებობს. თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში, სადაც დასაქმების სტაბილურობა ბევრისთვის აღარ არის გარანტირებული, ასეთი პროდუქტი მომხმარებელს ფინანსური უსაფრთხოების დამატებით მექანიზმს სთავაზობს. პროდუქტის მთავარი იდეა მარტივია: სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანს ჰქონდეს დროებითი ფინანსური მხარდაჭერა და ნაკლები სტრესი შემოსავლის მოულოდნელი შეწყვეტისას.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ასეთი ტიპის დაზღვევა განსაკუთრებით აქტუალურია ახალი თაობისთვისაც, რომელიც კარიერულად უფრო მოქნილია, მაგრამ ამავე დროს მეტად მოწყვლადია შრომის ბაზრის ცვლილებების მიმართ.
„უმუშევრობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროდუქტია, რომელიც თანამედროვე ეკონომიკურ რეალობას პასუხობს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივცეთ მეტი ფინანსური თავისუფლებისა და დაცულობის განცდა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს“, – ამბობს ელენე მარგიშვილი, “ირაოს“ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარატმენტის ხელმძღვანელი.
პროდუქტი ბაზარზე ჯერ ახალია, ამიტომ მისი ეფექტიანობისა და მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი კომპანიას მომდევნო თვეებში ექნება. უმუშევრობის დაზღვევა ჯერ მხოლოდ კორპორაციულ სეგმენტშია ხელმისაწვდომი.
შინაური ცხოველების დაზღვევა
კიდევ ერთი გამორჩეული მიმართულება შინაური ცხოველების დაზღვევაა. ეს პროდუქტი ქართულ ბაზარზე განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ასახავს ცხოვრების წესის ცვლილებას: შინაური ცხოველები სულ უფრო ხშირად აღიქმებიან ოჯახის სრულფასოვან წევრებად, მათი ჯანმრთელობა კი მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. შინაური ცხოველების დაზღვევა საცალო მომხმარებელზეა გათვლილი და მიზნად ისახავს ვეტერინარულ ხარჯებთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას.
ამ მიმართულების მთავარი გამოწვევა დღეს ცნობადობაა. ბევრმა მომხმარებელმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ასეთი პროდუქტი არსებობს, ან მის საჭიროებას მხოლოდ მაშინ აცნობიერებს, როდესაც ვეტერინარულ მომსახურებაზე მაღალი ხარჯის გადახდა უწევს.
სწორედ ამიტომ, ამ პროდუქტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ მისი შეთავაზება, არამედ აქტიური კომუნიკაცია, მომხმარებელმა უნდა გაიგოს, რა რისკს აზღვევს პროდუქტი და რა ღირებულებას ქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა
მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება მენტალური ჯანმრთელობის დაფარვაა. თუ წლების წინ ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადად ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ასოცირდებოდა, დღეს ეს მიდგომა იცვლება. ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ერთმანეთისგან განცალკევებულად აღარ განიხილება. სტრესი, სამუშაოსგან გადაწვა და შფოთვა თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
„თუ ადრე დაზღვევა ძირითადად ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვასთან ასოცირდებოდა, დღეს მომხმარებლის საჭიროებები გაცილებით ფართოა. მენტალური ჯანმრთელობა, ფინანსური სტაბილურობა და ყოველდღიური კეთილდღეობა თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ინოვაციური პროდუქტებიც სწორედ ამ რეალობას უნდა პასუხობდეს“, – ამბობს ელენე მარგიშვილი.
ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა კორპორაციული დაზღვევის კონტექსტშიც, რადგან დამსაქმებლებისთვის თანამშრომლების კეთილდღეობა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა აღარ არის. მენტალური ჯანრთელობა პროდუქტიულობასთან, გუნდის მდგრადობასთან და გრძელვადიან შედეგებთან პირდაპირ კავშირშია.
რა ართულებს ახალი პროდუქტების დანერგვას საქართველოში
ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტის შექმნა მხოლოდ პირველი ეტაპია, არანაკლებ რთულია მისი ბაზარზე დანერგვა.
ქართული ბაზრის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის არის, რომ დაზღვევა მომხმარებლის ნაწილში ჯერ კიდევ დამატებით ხარჯად აღიქმება და არა ფინანსური დაცვის მექანიზმად. სწორედ ამიტომ, ახალი პროდუქტი მაქსიმალურად მარტივად უნდა აიხსნას, რათა მომხმარებელმა ნათლად დაინახოს მისი სარგებელი.
მეორე გამოწვევა სადაზღვევო პროდუქტის ფასის მიმართ მაღალი მგრძნობელობაა. მომხმარებელი ხშირად ელოდება დაბალ ფასს და მაღალ დაფარვას, ამიტომ პროდუქტის დიზაინი ისე უნდა იყოს აგებული, რომ ღირებულება და სარგებელი მკაფიოდ იკითხებოდეს.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობა კვლევებს. “ირაო“ მუდმივად აკვირდება ბაზრის ტენდენციებს, აანალიზებს კონკურენტების პროდუქტებს და სწავლობს საერთაშორისო გამოცდილებას. სწორედ ამ გზით ცდილობს კომპანია ისეთი პროდუქტების შექმნას, რომლებიც არა მხოლოდ სიახლეა, არამედ რეალურ საჭიროებაზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.
მდგრადი განვითარება
სადაზღვევო ბიზნესისთვის მდგრადობა მხოლოდ გარემოსდაცვითი პროექტები არ არის. მისი არსი უფრო ფართოა – რისკების წინასწარ დანახვა, მათი შეფასება და ადამიანებისა და ბიზნესებისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოების შექმნა.
“დაზღვევა თავისი ბუნებით რისკების მართვის ბიზნესია. ამიტომ მდგრადობა ამ სექტორისთვის არა დამატებითი მიმართულება, არამედ ლოგიკური საფუძველია,” – ელენე მარგიშვილი.
ESG-ის კონტექსტში “ირაოსთვის“ მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულება: სერვისის ხელმისაწვდომობა, ინკლუზიურობა, გარემოსდაცვითი ცნობიერება, რესურსების ეფექტიანი გამოყენება და სოციალური ინიციატივები.
კომპანიაში საუბრობენ როგორც შიდა ეკო-პრაქტიკებზე, ისე თანამშრომლების ჩართულობით განხორციელებულ ინიციატივებზე. მათ შორის არის ისეთი აქტივობები, სადაც თანამშრომლები ერთიანდებიან სოციალური მიზნებისთვის.
ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა “ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სოციალური ფონდის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, მათ შორის განათლებისა და მოწვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიმართულებით.
საბოლოოდ, “ირაოს“ ინოვაციური პროდუქტების ლოგიკა და გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მართვის ხედვა (ESG) ერთ წერტილში იკვეთება: კომპანია ცდილობს, დაზღვევა მომხმარებლისთვის გახდეს უფრო გასაგები, ხელმისაწვდომი და რეალურ საჭიროებებზე მორგებული.