რატომ ჯდება ერთი და იმავე მოდელის მანქანის დაზღვევა სხვადასხვა ფასი?

წარმოიდგინე ორი იდენტური ავტომობილი, რომელთაც გამოშვების წელიც საერთო აქვთ. ერთი შეხედვით, მათი სადაზღვევო პოლისის ღირებულება აბსოლუტურად თანაბარი უნდა იყოს, თუმცა პრაქტიკაში ფასი ხშირად საგრძნობლად განსხვავდება. ტარიფი იანგარიშება არა მხოლოდ ავტომობილის საბაზრო ღირებულებით, არამედ მძღოლის გამოცდილებით, არჩეული ფრანშიზით, დაფარვის ლიმიტებითა და საექსპლუატაციო რისკებით. სადაზღვევო კომპანია ირაოში მომხმარებლებს ინდივიდუალურ პირობებს ვთავაზობთ.
ცოდნა, რომელიც სიმშვიდეს განიჭებს
ავტომობილის შეძენისას ან არსებულის განახლებისას, ბევრ მძღოლს უჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: რატომ შეიძლება ორ აბსოლუტურად იდენტურ ავტომობილს სრულიად განსხვავებული სადაზღვევო პრემია (ფასი) ჰქონდეს?
ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ მანქანის დაზღვევა მხოლოდ ავტომობილის ბრენდსა და საბაზრო ფასზეა დამოკიდებული. თუმცა, რეალურად, სადაზღვევო ტარიფის გაანგარიშება ბევრად უფრო კომპლექსური და მრავალმხრივი პროცესია. ჩვენი მთავარი ფილოსოფიაა – „ცოდნა ამშვიდებს“. შესაბამისად, გვსურს, გამჭვირვალედ და დეტალურად აგიხსნათ ის ფაქტორები, რომლებიც სადაზღვევო პოლისის საბოლოო ღირებულებას განსაზღვრავს.
პოლისის ფასწარმოქმნის დეტალური გააზრება ავტოდაზღვევის არჩევას მარტივ და რაციონალურ პროცესად აქცევს. სწორედ ამიტომ, როგორც სანდო სადაზღვევო მრჩეველი, გთავაზობთ სიღრმისეულ და გამჭვირვალე მიმოხილვას იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ფასთა შორის განსხვავებას.
ჩვენი ევროპული ცოდნა და ვენის სადაზღვევო ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ადამიანზე ორიენტირებული დაზღვევა. ჩვენს პოლისებში გათვალისწინებული პირობები საჭესთან თავდაჯერებულად ყოფნის საშუალებას მოგცემს.
მძღოლის მონაცემები და მართვის ისტორია
ავტომობილის დაზღვევისას ფასს საჭესთან მჯდომი პირის გამოცდილებაც განსაზღვრავს. არსებობს კრიტერიუმები, რასაც ამ დროს ვითვალისწინებთ.
- მძღოლის ასაკი და მართვის გამოცდილება: ახალბედა მძღოლებს სტატისტიკურად ავტოსაგზაო შემთხვევებში მოხვედრის შედარებით მაღალი ალბათობა აქვთ. ნაკლები გამოცდილების მქონე ადამიანისთვის სადაზღვევო პაკეტის ღირებულება შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე გამოცდილი მძღოლისთვის.
- უფლებამოსილი მძღოლების რაოდენობა: პოლისის გაფორმებისას შეგიძლია მიუთითო კონკრეტული უფლებამოსილი მძღოლები ან აირჩიო შეზღუდვის გარეშე მართვის პირობა. რაც უფრო კონკრეტული და შეზღუდულია მძღოლთა წრე, მით უფრო ზუსტად არის შესაძლებელი რისკის შეფასება, რაც პირდაპირ აისახება ფასზე.
სადაზღვევო დაფარვის არეალი და არჩეული პაკეტის სტრუქტურა
საუკეთესო ავტოდაზღვევა არ ნიშნავს უბრალოდ ყველაზე ძვირადღირებული პოლისის არჩევას. მთავარია, პირობები კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე იყოს ორიენტირებული. ორი იდენტური მანქანის პოლისის ფასი ხშირად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა რისკებისგან არის იგი დაცული.
ჩვენს ავტოდაზღვევა „კასკოში“ სტანდარტულად შედის ისეთი ფუნდამენტური რისკები, როგორებიცაა:
- ავტოსაგზაო შემთხვევა;
- ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
- ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება;
- ვანდალიზმი;
- საგნების დაცემა;
- სტიქიური მოვლენები (მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, მეწყერი, ღვარცოფი);
- ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების დაზიანება ან დაკარგვა;
- გაჩერებული ავტომობილის დაუდგენელ ვითარებაში ან დაუდგენელი პირის მიერ დაზიანება.
თუმცა, მომხმარებელს შეუძლია პოლისს დაამატოს დამატებითი დაფარვებიც, მაგალითად:
- მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა (TPL): ფარავს ზიანს, რომელიც შენმა ავტომობილმა შესაძლოა მიაყენოს სხვა პირის ქონებას ან ჯანმრთელობას;
- მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა: უზრუნველყოფს ფინანსურ დაცვას საგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში მყოფი პირებისათვის.
ბუნებრივია, სრული სადაზღვევო პაკეტი და გაფართოებული ლიმიტები პოლისის ფასს ცვლის.
ფრანშიზის ეფექტი სადაზღვევო პრემიაზე
ფრანშიზა არის ზიანის ის აუნაზღაურებელი მინიმუმი ან პროცენტული წილი, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას რჩება დაზღვეულის პასუხისმგებლობად. ფრანშიზის ოდენობა პირდაპირპროპორციულად მოქმედებს პოლისის ღირებულებაზე.
- ნულოვანი (0) ფრანშიზა: ამ შემთხვევაში ნებისმიერ მცირე დაზიანებასაც კი სრულად ფარავს სადაზღვევო კომპანია. ასეთ დროს სადაზღვევო პრემია შედარებით მაღალია;
- პირობითი ან უპირობო ფრანშიზა: თუ მზად ხარ, თანხის რაღაც ნაწილი თავად გადაიხადო, ყოველთვიური ან წლიური სადაზღვევო შენატანი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ორი იდენტური ავტომობილის მფლობელმა შესაძლოა ფრანშიზის განსხვავებული პირობები აირჩიოს. სწორედ ეს განსაზღვრავს პოლისის საბოლოო ღირებულებას.
პრაქტიკული მაგალითი – ორი იდენტური Toyota RAV4
იმისათვის, რომ სურათი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს, განვიხილოთ რეალური სცენარი. წარმოვიდგინოთ ორი მძღოლი – ეკა და ნინო. ორივეს ჰყავს 2022 წელს გამოშვებული Toyota RAV4, რომლის საბაზრო ღირებულებაც თანაბრად $25 000-ია.
ეკას შემთხვევა:
- მძღოლის გამოცდილება: 12 წელი;
- მართვის უფლება: მითითებულია მხოლოდ გიორგი;
- დაფარვა: სტანდარტული „კასკო“ პაკეტი;
- ფრანშიზა: 200.
ეკას სადაზღვევო რისკი შედარებით დაბალია, ხოლო ფრანშიზის არსებობა ამცირებს ყოველთვიურ გადასახადს.
ნინოს შემთხვევა:
- მძღოლის გამოცდილება: 2 წელი;
- მართვის უფლება: ნებისმიერი უფლებამოსილი მძღოლი (შეუზღუდავი);
- დაფარვა: სრული „კასკო“ + მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის $50 000-იანი ლიმიტი + მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა;
- ფრანშიზა: 0 (მცირე დაზიანებების სრული ანაზღაურება).
ნინოს არჩეული აქვს მაქსიმალური ფინანსური დაცვა და ნულოვანი ფრანშიზა. შესაბამისად, მისი სადაზღვევო პრემია უფრო მაღალი იქნება.
როგორც მაგალითიდან ჩანს, ავტომობილის მოდელი და ფასი იდენტურია, თუმცა მძღოლის გამოცდილება, პოლისის შინაარსი და სტრუქტურა სრულიად განსხვავებული. სწორედ ეს განაპირობებს ფასთა შორის სხვავებას.
სანდოობა და სიცხადე – რა უნდა იცოდეთ პოლისის პირობებზე
ჩვენი მრავალწლიანი ევროპული ცოდნა და VIG-ის (ვენის სადაზღვევო ჯგუფის) გამოცდილება გვკარნახობს, რომ მომხმარებელთან ურთიერთობაში მთავარი ღირებულება სრული გამჭვირვალობაა. მნიშვნელოვანია იცოდე არა მხოლოდ ის, თუ რა შედის სადაზღვევო პოლისში, არამედ ისიც, თუ რა შემთხვევები მიიჩნევა გამონაკლისად.
სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა ისეთ შემთხვევებში, მაგალითად როგორიცაა :
- ავტომობილის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ;
- საპირისპირო საგზაო ზოლში მოძრაობა (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული უკიდურესი აუცილებლობისა);
- ავტომობილის მართვა შესაბამისი მართვის მოწმობის არმქონე პირის მიერ;
- ისეთი ავტომობილის გამოყენება, რომელსაც არ გაუვლია სავალდებულო ტექდათვალიერება ან არის ტექნიკურად გაუმართავი. იმ შემთხვევაში, თუ ზიანი უშუალოდ ამ მიზეზმა გამოიწვია;
- ავტომობილის გამოყენება შეჯიბრებებში, რბოლებსა თუ Off-Road პირობებში.
პოლისის პირობების წინასწარი გააზრება თავიდან აგარიდებთ გაუგებრობებს და არასწორ მოლოდინებს არ შეგიქმნით.
სწრაფი და ეფექტური ასისტენსი სადაზღვევო შემთხვევისას
გარდა საიმედო დაფარვისა, დაზღვევის ღირებულებაში შედის ის სერვისი, რომელსაც ადამიანი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას იღებს. ჩვენი გუნდი პროცესს მკაფიოდ გაწერილი გეგმის მიხედვით მიჰყვება.
- დაუყოვნებლივი შეტყობინება: სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე მიმართე ჩვენს ცხელ ხაზს (2 949 949) და შესაბამის საპატრულო/კომპეტენტურ ორგანოებს;
- მარტივი ადმინისტრირება: 1500 ლარამდე ზარალის შეფასება და ანაზღაურება
- ხდება შემთხვევის ადგილზე ან დისტანციურად (ფოტომასალის გამოგზავნის საფუძველზე), 1500 ლარზე მეტი ზარალის შეფასებას კი იღებთ პროვაიდერ ცენტრში.
- სწრაფი ანაზღაურება: კუთვნილი ანაზღაურება სრული დოკუმენტაციის მიღებიდან 1 სამუშაო დღეში ირიცხება თქვენს ანგარიშზე.
სწორედ ასეთ პროფესიონალიზმსა და სტაბილურობას მიიღებ, თუ ექსპერტებთან დაეზღვევი.
რა მოქმედებს მანქანის დაზღვევის ფასზე ყველაზე მეტად?
ავტოდაზღვევის ღირებულებაზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი. ესენია: ავტომობილის საბაზრო ღირებულება და გამოშვების წელი, მძღოლის ასაკი და მართვის გამოცდილება, არჩეული ფრანშიზის ოდენობა (0-დან ფიქსირებულ თანხამდე), სადაზღვევო დაფარვების არეალი (სტანდარტული „კასკო“, მესამე პირის პასუხისმგებლობა, მგზავრების დაზღვევა). მანქანის დაზღვევის ფასები ამ კრიტერიუმების მიხედვით განსხვავდება.
ამცირებს თუ არა ფრანშიზის არჩევა სადაზღვევო პოლიტიკის ყოველთვიურ გადასახადს?
დიახ, ფრანშიზის (ზიანის ის მინიმალური ოდენობა, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევისას საკუთარ თავზე იღებ) არჩევა პირდაპირ ამცირებს ყოველთვიურ ან წლიურ სადაზღვევო პრემიას. რაც უფრო მაღალია ფრანშიზა, მით უფრო დაბალია პოლისის ღირებულება.
როგორ შემიძლია შევარჩიო ჩემს ბიუჯეტზე მორგებული ავტოდაზღვევა?
ოპტიმალური პირობების მისაღებად მნიშვნელოვანია ზუსტად შეაფასო შენი საჭიროებები. შეგიძლია შეარჩიო შენთვის სასურველი ფრანშიზის დონე, განსაზღვრო უფლებამოსილი მძღოლების წრე და აირჩიო მხოლოდ ის დამატებითი დაფარვები, რომლებიც ნამდვილად გჭირდება. ჩვენი წარმომადგენლები დაგეხმარებიან შენს ბიუჯეტსა და შესაძლო რისკებზე იდეალურად მორგებული პაკეტის შერჩევაში.