როდის უნდა მიმართო რეპროდუქტოლოგს ან ანდროლოგს?
რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი ზოგიერთ ადამიანში უხერხულობას იწვევს. ამის გამო, ისინი ექიმთან ვიზიტსაც აჭიანურებენ და კონკრეტულ პრობლემას ყურადღების მიღმა ტოვებენ. მეორე მხრივ კი, სამედიცინო მომსახურების მიღება ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბევრი ადამიანისთვის ექიმთან კონსულტაციაზე მისვლა რთულია, რადგან მათ შესაბამისი ფინანსური რესურსი არ აქვთ.
სამედიცინო პრობლემების პირისპირ მარტო რომ არ აღმოჩნდე, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზღვევა გქონდეს. ეს ხარჯების მართვაში დაგეხმარება და სტაბილურობას მოგიტანს.
„ირაოს“ ჯანმრთელობის დაზღვევის განახლებულ პირობებში გათვალისწინებულია რეპროდუქტოლოგიისა და ანდროლოგიის დაფარვა. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში. ეს სერვისები ამბულატორიული ლიმიტის ფარგლებში მოქმედებს.
შეიძლება არ იცოდე, რომელ ექიმს მიმართო, როდის არ უნდა გადადო ვიზიტი და რა როლი აქვს ამ დროს ჯანმრთელობის დაზღვევას. ამ საკითხების გარკვევაში, გარკვეულწილად, ეს ბლოგი დაგეხმარება.
რომელ ექიმს უნდა მიმართო რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით რეპროდუქტოლოგი და ანდროლოგი მუშაობენ, თუმცა მათი საქმიანობის სფერო განსხვავებულია.
რეპროდუქტოლოგი სპეციალისტია, რომელიც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. მისი დახმარება შეიძლება დაგჭირდეს ორსულობის დაგეგმვისას ან ჩასახვის დროს არსებული სირთულეების შემთხვევაში. გარდა ამისა, მას შეიძლება მიმართო თუ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება გსურს. ის პრობლემის შესაძლო მიზეზებს იკვლევს და საჭიროების მიხედვით, მკურნალობის ან გამოკვლევების გეგმას ადგენს.
ანდროლოგი კი მამაკაცის რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. მას მიმართავენ ნაყოფიერებასთან, სქესობრივ ფუნქციასთან, ჰორმონულ ცვლილებებსა და მამაკაცის სასქესო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
აღსანიშნავია, რომ ამ სპეციალიტებს უროლოგისა და გინეკოლოგისგან განსხვავებული პროფილი აქვთ. უროლოგი ქალისა და მამაკაცის საშარდე სისტემის დაავადებებს მკურნალობს. ასევე, მამაკაცებში სასქესო სისტემის პრობლემებსაც იკვლევს. ანდროლოგია უფრო ვიწრო მიმართულებაა და მამაკაცის რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობას მოიცავს.
გინეკოლოგი ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს აკვირდება. მათ შორის მენსტრუალურ ციკლსა და ორსულობას. ის, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას ნიშნავს.
ზოგჯერ, სხვადასხვა სპეციალისტს ერთად უწევს მუშაობა. მაგალითად, მაშინ, თუ ქალს დაორსულება უჭირს. ამ დროს, შესაბამისი კვლევა ორივე პარტნიორს უნდა ჩაუტარდეს. ეს ექიმს შესაძლო მიზეზების გარკვევაში ეხმარება.
ორსულობის დაგეგმვა და როდის არის საჭირო ექიმის კონსულტაცია?
ორსულობის დაგეგმვა მხოლოდ კონტრაცეფციის შეწყვეტას არ გულისხმობს. ეს ეტაპი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასაც მოიცავს. წინასწარი კონსულტაციის დროს ექიმი შენს სამედიცინო ისტორიას, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შესაძლო რისკფაქტორებს აფასებს. საჭიროების შემთხვევაში გირჩევს გამოკვლევებს და აგიხსნის, რას უნდა მიაქციო ყურადღება ორსულობამდე.
ექიმთან ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირის მიუხედავად ორსულობა არ დგება;
- გაქვს მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან სხვა გინეკოლოგიური პრობლემა;
- წარსულში გქონდა ორსულობასთან ან რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულება;
- გაქვს ისეთი დიაგნოზი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა ჩასახვაზე იმოქმედოს;
- ორსულობის დაგეგმვამდე გსურს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასება.
თუ ორსულობა არ დგება, მიზეზი შესაძლოა როგორც ქალის, ისე მამაკაცის ჯანმრთელობას უკავშირდებოდეს. ამიტომ გამოკვლევები ორივე პარტნიორს უნდა ჩაუტარდეს. ექიმი განსაზღვრავს, ზუსტად რა კვლევებია საჭირო და რა ეტაპებზე უნდა ჩატარდეს ისინი.
რა შემთხვევაში არ უნდა გადადო სპეციალისტთან ვიზიტი?
მამაკაცების ნაწილს ჯანმრთელობასა და სქესობრივ ფუნქციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი უჭირს. ზოგჯერ ადამიანს კონკრეტული კითხვა აქვს, ზოგჯერ კი ისეთი სიმპტომი აწუხებს, რომლის შესახებაც სხვასთან საუბარი ეუხერხულება. აუცილებელია, რომ ექიმს მიმართო და ჩივილები მასთან განიხილო. დროული კონსულტაცია დაგეხმარება, გაარკვიო, რა იწვევს პრობლემას და გჭირდება თუ არა მკურნალობა.
ანდროლოგს უნდა მიმართო, თუ გაწუხებს:
- სქესობრივი ფუნქციის ცვლილება ან ერექციასთან დაკავშირებული სირთულე;
- სქესობრივი ლტოლვის შემცირება;
- ტკივილი ან დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების არეში;
- ეაკულაციასთან დაკავშირებული ცვლილებები;
- ნაყოფიერებასთან დაკავშირებული კითხვები გაქვს ან სპერმის ანალიზში გარკვეული ცვლილებაა;
- მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები.
კონკრეტულ სიმპტომებს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, სქესობრივი ფუნქციის ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან. ექიმი საჭირო ინფორმაციას შეაგროვებს და განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა დამატებითი გამოკვლევა ან სხვა სპეციალისტის ჩართვა.
სწორედ ამიტომ, ვიზიტი არ უნდა გადადო. შესაბამისი რეკომენდაციები დროულად მიიღე და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა ადრეულ ეტაპზე დაიწყე.
რას უნდა ელოდო პირველ ვიზიტზე?
პირველი კონსულტაცია, როგორც წესი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებით იწყება. ექიმი გკითხავს ჩივილების, მათი დაწყების დროის, ასევე, გადატანილი დაავადებების, ჩატარებული მკურნალობისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. თუ ორსულობას გეგმავ, შესაძლოა დაგისვას კითხვები მენსტრუალური ციკლის, ორსულობის წინა გამოცდილებისა და პარტნიორის ჯანმრთელობის შესახებაც.
შემდეგ სპეციალისტი განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა ფიზიკური გასინჯვა ან დამატებითი კვლევები. გამოკვლევების ჩამონათვალი ყველასთვის ერთნაირი არ არის. ის დამოკიდებულია ჩივილებზე, სამედიცინო ისტორიასა და ექიმის შეფასებაზე.
შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი, ჰორმონული მაჩვენებლების შემოწმება, ულტრაბგერითი კვლევა ან სპერმის ანალიზი. თუმცა ეს კვლევები ყველა პაციენტს არ სჭირდება. ექიმი მათ კონკრეტული საჭიროების მიხედვით ნიშნავს.
ვიზიტამდე სასურველია მოამზადო ინფორმაცია წარსულში ჩატარებული გამოკვლევებისა და მკურნალობის შესახებ. თუ გაქვს ანალიზების პასუხები ან სამედიცინო ჩანაწერები, თან წაიღე. ასევე, წინასწარ ჩამოწერე კითხვები, რომლებზეც პასუხის მიღება გსურს. ეს კონსულტაციის დროს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარში დაგეხმარება.
რა როლი აქვს ჯანმრთელობის დაზღვევას?
შესაძლოა, იცოდე, რომ ექიმთან ვიზიტზე უნდა მიხვიდე, თუმცა თავს იკავებდე. ამის მიზეზი ზოგ შემთხვევაში მომსახურების ღირებულებაა. ძნელია, როდესაც სხვადასხვა სერვისის საფასური მთლიანად უნდა გადაიხადო. ჯანმრთელობის დაზღვევა სწორედ ამაში დაგეხმარება. შენ სამედიცინო ხარჯების პირისპირ მარტო არ აღმოჩნდები და ექიმთან მეტად თავდაჯერებული მიხვალ.
მნიშვნელოვანია იცოდე, რა მომსახურებებს ითვალისწინებს შენი სადაზღვევო პაკეტი.
„ირაოს“ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში რეპროდუქტოლოგიური და ანდროლოგიური მომსახურება ამბულატორიული ქველიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება. ეს ეხებათ როგორც ინდივიდუალურად დაზღვეულ პირებს, ისე კორპორაციული დაზღვევის მომხმარებლებს. დაფარვის მოცულობა და ანაზღაურების პირობები არჩეული პაკეტის მიხედვით განსხვავდება.
შესაბამისი ქველიმიტის ფარგლებში გათვალისწინებულია რეპროდუქციულ ფუნქციასთან, სექსუალურ დისფუნქციასა და დისბალანსთან დაკავშირებული მომსახურება. დაფარვაში ასევე შედის ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის ფერტილიზაცია და ინსემინაცია.
გაითვალისწინე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მომსახურება ამ დაფარვაში არ შედის.
წინასწარ გადაამოწმე შენი პაკეტის ამბულატორიული ლიმიტი, ანაზღაურების პროცენტი და კონკრეტული მომსახურების პირობები.
რეპროდუქტოლოგიისა და ანდროლოგიის დაფარვა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ „ირაოში“ ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა გვაქვს. ჩვენ ისეთი სერვისების შემუშავებაზე ვმუშაობთ, რაც დაზღვეულებს ნამდვილად სჭირდებათ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შეფასებისთვის მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტარო. „ირაოს“ ჯანმრთელობის დაზღვევა ამასაც მოიცავს. პირობებში გათვალისწინებულია პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსებაც, წელიწადში ორჯერ. გარდა ამისა, შედის ქრონიკული დაავადებების დაფინანსება მოცდის პერიოდების გარეშე. ასევე, პირადი ექიმის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პროფილაქტიკური კვლევების, პროფილაქტიკური ვაქცინაციის, ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების, მედიკამენტებისა და სხვა სერვისების დაფინანსება. პაკეტების მიხედვით განსხვავებულია დაფინანსების პროცენტები და ლიმიტები.
ინფორმირებული გადაწყვეტილება მეტი თავდაჯერებულობისთვის
რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი და ზრუნვა უხერხულობას არ უნდა იწვევდეს. ექიმთან ვიზიტისგან თავი სამედიცინო ხარჯების გამოც არ უნდა შეიკავოთ. „ირაოს“ პაკეტების არჩევა მეტ თავდაჯერებულობასა და სტაბილურობას მოგიტანს.
თუ ორსულობას გეგმავ, ჩასახვასთან დაკავშირებულ სირთულეებს აწყდები ან მამაკაცის სქესობრივ ჯანმრთელობაზე გაქვს კითხვები, შესაბამის სპეციალისტს ეწვიე. ჩვენ კი, პოლისის პირობების შესაბამისად, თანხას აგინაზღაურებთ.
„ირაოში“ გვჯერა, რომ ევროპული ცოდნა და გამოცდილება მომხმარებლების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. შენ უნდა იცოდე, რა მომსახურებით შეგიძლია სარგებლობა და რა პირობები მოქმედებს შენს პაკეტზე. ინფორმირებული გადაწყვეტილება ყოველთვის უფრო გამართლებულია. ჩვენი მხრიდან სწორედ ესაა ადამიანზე ორიენტირებული დაზღვევისა და ზრუნვის მაგალითი.