ვენის სადაზღვევო ჯგუფის ბანაკმა ავსტრიაში 21 ქვეყნიდან 500 ბავშვს უმასპინძლა
ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანიების თანამშრომელთა შვილებს ტრადიციულად წელსაც ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ავსტრიაში ბავშვთა ბანაკში. VIG-მ ბავშვთა ბანაკი 2011 წელს დააარსა. ბანაკის მიზანია VIG-ის თანამშრომლების შვილებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მისცეს შესაძლებლობა, ერთად გაატარონ დრო, გაეცნონ სხვადასხვა კულტურებს და მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვნების და სოლიდარობის წამახალისებელ აქტივობებში.
500-მდე ბავშვმა 21 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ზაფხულის ორი კვირის განმავლობაში ავსტრიის ულამაზეს კუთხეებში დაუვიწყარი გამოცდილება მიიღო. ბავშვები ჩართული იყვნენ არა მხოლოდ გართობისა და ლაშქრობების პროგრამაში, არამედ მნიშვნელოვან სოციალურ საქმიანობაშიც, როგორიცაა მოხუცთა მხარდაჭერა და ხეების დარგვის კამპანია.
„საოცარია, ყოველ წელს ხედავდე, რომ ბავშვები ყოველთვის ახერხებენ საკუთარი აზრის გამოხატვას, მაშინაც კი, როცა ისინი სხვა ენაზე საუბრობენ ან სხვადასხვა კულტურას მიეკუთვნებიან,“ – აღნიშნავს რობერტ ლასჰოფერი, Wiener Städtische Versicherungsverein-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარე. „ამიტომ, ჩვენ ყოველწლიურად ვმასპინძლობთ VIG-ის ბავშვთა ბანაკს და ვაძლევთ მათ უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.“
წელს, VIG-ის ბავშვთა ბანაკი გაიმართა ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე: ვენაში, ზალცბურგში და კარინთიაში. გართობასთან ერთად ბანაკის მიზანი თაობების დაახლოება და ერთმანეთის მხარდაჭერაა. ბავშვები არა მხოლოდ ეწვივნენ ავსტრიის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს, არამედ ესტუმრნენ მოხუცთა თავშესაფარს და მათი ბინადრები გაამხიარულეს ტრადიციული და თანამედროვე ცეკვა-სიმღერებით, შემოქმედებითი და აკრობატული ნომრებით. ასევე, ბავშვებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ხეების ერთობლივ დარგვის კამპანიაში, რაც მათთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო.გართობასთან, თამაშთან და სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, ბავშვებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ავსტრიის ულამაზესი ადგილები: ეს იყო ლაშქრობები მთებსა და მყინვარებზე, ტბებთან, მარილისა და სტალაქტიტების გამოქვებულებთან, ასევე ექსკურსიები ვენაში, ზალცბურგში, კლაგენფურთსა და გრაცში.
VIG-ის ბავშვთა ბანაკში მონაწილეობის მისაღებად ბავშვებმა ფოტო კონკურსში „სოლიდარობა მოქმედებაში“ მიიღეს მონაწილეობა. კონკურსში 9-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ და მათგან საუკეთესო ნამუშევრები დაჯილდოვდნენ ბანაკში გამგზავრებით.
„მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და თანასწორი ურთიერთობა – ეს არის ჩვენი ჯგუფის ღირებულებები, რასაც ვასწავლით VIG-ის ბანაკში,“ – განაცხადა ჰარტვიგ ლოგერმა, ვენის სადაზღვევო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა.
Wiener Städtische Versicherungsverein, VIG-ის მთავარი აქციონერი, აქტიურად უჭერს მხარს ჯგუფის კულტურულ და სოციალურ აქტივობებს, განსაკუთრებით კი გაცვლით პროგრამებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. VIG ჯგუფი, რომელიც 30 ქვეყანაში 50-ზე მეტი კომპანიით არის წარმოდგენილი, ყოველწლიურად აგრძელებს სოლიდარობის, მრავალფეროვნებისა და კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის განმტკიცებას.